logo
ENG



მოსახლეობა საკმარის პროდუქტს ვეღარ ყიდულობს - მიზეზი კი გაორმაგებული ფასებია 

03 ივნ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

მოსახლეობისთვის ცხოვრების გაძვირების მთავარ მიზეზად ოპოზიციაში, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახლებენ. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა. საქსტატის ახალი მონაცემებით, ყველაზე მეტად, 14.7%-ით, გაძვირებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, გაიზარდა ხილის, რძის, კვერცხის, თევზეულის ფასები.

როცა მსოფლიოში ფასების გლობალური კლებაა, მატება საქართველოში არ უნდა ყოფილიყო. ექსპერტების და ოპონენტების კრიტიკას ხელისუფლება ბრალდებებით პასუხობს და პრობლემას ბიზნესის არაკეთილსინდისიერებაში ხედავს. მოსახლეობა კონკრეტულ დახმარებას ელოდება და ჩივის, რომ დახლებზე პროდუქცია ფაქტობრივად გაორმაგებულია. ყველაზე მძიმე მათთვის მედიკამენტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა.

უფულობის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს კვების რაციონის შემცირება მოუხდა. მოსახლეობა საკმარის პროდუქტს ვეღარ ყიდულობს - მიზეზი კი შემცირებული ან საერთოდ განულებული შემოსავლების ფონზე გაორმაგებული ფასებია. 

ყველაზე გამაღიზიანებელი მოსახლეობისთვის იმ პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა, რომლებიც ქართული ოცნების მთავრობამ პანდემიის დროს სამომხმარებლო კალათაში შეიყვანა და ფასების დაზღვევის მიზნით სუბსიდირება მოახდინა. ლობიო მაკარონი შაქარი ფქვილი ზეთი - 20-30 პროცენტით გაძვირდა. შეიქმნა დეფიციტიც - წიწიბურა კი ბაზრიდან საერთოდ გამქრალია, თუ სადმე მარაგი აქვთ ორჯერ ძვირად იყიდება

მოსახლეობას ცხოვრება რომ გაუძვირდა, ამაზე მიუთითებს ახალი მონაცემები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მაისში წლიურმა ინფლაციამ 6-ს ნახევარი პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტად 14.7%-ით გაძვირებულია უალკოჰოლო სასმელები და თევზეული, ასევე ხილი.

რძე, კვერცხი, ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას ეკონომიკის ექსპერტები არათანმიმდევრულ ანტიკრიზისულ ზომებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ პანდემიის დროს მიღებულმა მკაცრმა რეგულაციებმა და ზოგიერთი კომპანიის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩაყენებამ ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმედ დააზარალა.

ინფლაციას და ეკონომიკურ კრიზისს ხელისუფლება პანდემიას ვერ გადააბრალებს - ამბობენ ოპოზიციაში. ქართული ოცნების ოპონენტების თქმით, მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ აქვს. ცხოვრების გაძვირებას მმართველი გუნდი აღიარებს, თუმცა ისევ გადაბრალების პროცესშია. ქართული ოცნება ხელს ბიზნესისკენ იშვერს.

ინფლაციის შეჩერებასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები უფრო გასაგები მას შემდეგ გახდება, როდესაც გიორგი გახარიას მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტს წარადგენს. მთავარ საფინანსო დოკუმენტს პარლამენტში 5 ივნისს შეიტანენ. ამ დღეს მოსახლეობაც ელოდება, რადგან ბიუჯეტში გაწერილი უნდა იყოს ისიც, თუ როდის მიიღებენ გახარიას მთავრობის მიერ დაპირებულ დახმარებას.


close დახურვა